martedì 11 agosto 2009

წმინდა გიორგი-ქართული მებრძოლი ქრისტიანობის კულტი

* * *
"ქართველობა გააერთიანა ქრისტიანობამ, ქართულმა ქრისტიანობამ. კერძოდ, წმინდა გიორგის კულტმა. სამურზაყანოდან საინგილომდე ყველგან მისი ტაძრებია, ყველგან თაყვანს სცემენ მას. მართლაც და რა უნდა იყოს უფრო დიდი ემბლემა ჩვენი ერის სულისა, ვიდრე თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, ვეშაპის განმგმირველი".

* * *
"ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა და ამავე დროს, არის მიწიერი სახე იმავე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მახლობელი ქართული მოდგმისათვის. საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე".

* * *
"წმინდა გიორგის სახეში ქართველი ხედავდა არა მხოლოდ კაბადოკიელ წმინდანს, არამედ ქრისტიანულ ღმერთს. ღმერთი მას წარმოედგინა წმინდა გიორგის მებრძოლ სახეში, დრაკონის დამთრგუნველ სახეში ე.ი. მიქაელური ასპექტი ქრისტიანობისა იყო ყველაზე მეტად მახლობელი საქართველოსათვის".

* * *
"მებრძოლი ქრისტიანობა ქართული კულტურის შინაგან თვისებას ასახავს, რაც წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განმგმირვაშია ხორცშესხმული".

* * *
"ქართველისათვის წმინდა გიორგი სიმბოლოა მებრძოლი ქრისტიანობისა, სიმბოლო თავად ღვთისა, ძალისმიერ, მებრძოლ ასპექტში, ბოროტების დამთრგუნველ ასპექტში. წმ. გიორგიმ ქართველი ხალხის წარმოსახვაში შეიერთა ყოველივე ის საუკეთესო, რაც მოიტანა ქრისტიანობამ".

* * *
"ქართული ქრისტიანობა თავისი არსით არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა და ასევე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა".

* * *
"წმინდა გიორგი თვით საქართველოს სიმბოლოა, გამუდმებით მტერთან მებრძოლის, ბნელეთის ძალებზე გამარჯვებულის".

* * *
"ქართული ცნობიერების საფუძველია ქრისტიანულ ღირებულებათა პრიორიტეტი, სულიერის მატერიალურზე მაღლა დაყენება, ღვთის და ერისათვის თავგანწირვა და მარტვილობა, ქრისტიანული რაინდობა. ამ მახასიათებლების მიხედვით უწოდეს უცხოელებმა ქველ ქართველებს გეორგიანნი, რამეთუ საქართველოს აღიქვამდნენ, როგორც წმინდა გიორგის ერთიან ორდენს. ეს არის ჭყონდიდლურ-აღმაშენებლური მსოფლმხედველობა".

* * *
"ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული. ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. ეს არის მოწამეობრივი იდეალის მსახურება, მებრძოლი სიკეთე, მებრძოლი ქრისტიანობა... სწორედ ამიტომ შეერთდნენ და შეკავშირდნენ დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტების მსოფლიო ზალები. ამიტომ ცდილობენ ისინი დღეს საქართველოს სულიერად დაპყრობას, მის გადაგვარებას და განადგურებას".

* * *
"წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია
იხსენი სამკვიდრო შენი გეორგია
დიდების უფალი მართალთა მწედ არი
წმინდაო რაინდო გველი არ დინდო
მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!"

წიგნიდან: "აირჩიე, ქართველო ერო!" ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

Nessun commento:

website stats
counter