giovedì 23 luglio 2009

კავკასია - უნიკალური მსოფლიო ფენომენი

"კავკასია უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ფენომენია თავისი მრავალეროვნებით, თავისთავადი კულტურებით, ერებს შორის ურთიერთობების მყარად ჩამოყალიბებული ტრადიციებით, განუმეორებელი ისტორიით, ლადშაფტით, ფლორითა და ფაუნით".

"კავკასიაში მრავალი საუკუნეა გვერდიგვერდ ცხოვრობენ სხვა და სხვა წარმომავლობისა და რელიგიის, მაგრამ ერთმანეთთან სულიერად და ტრადიციულად მჭიდროდ დაკავშირებული ხალხები".

"დასავლურ ენათმეცნიერებაში და ანთოლოგიაში ჰუმბოლდტის, ჯონსონის, კარსტის, ბლუმენბაზის და სხვათა შრომები ნათელს ჰფენენ პალეოკავკასიური და პალეომედიტერანული იბერიული მოდგმის წინაისტორიას. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ წინაბერძნული და წინაინდოევროპული მოსახლეობა პირენეებისა, ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის აუზისა, ჩრდილო-დასავლეთ ევროპისა და მცირე აზიისა-იბერიული მოდგმისა იყო".

"იბერები უძველესი პროტოევროპული მოდგმის წარმომადგენლები არიან, ერთ დროს მთელს მსოფლიოში განტოტილნი. ქართული და საერთო კავკასიური ცივილიზაცია ძველ იბერთა მსოფლიო ცივილიზაციის გაგრძელებაა. ასე რომ, დასავლეთ-აღმოსავლეთად დაყოფა აქ მხოლოდ პირობითია. საქართველო და კავკასია ამ გაგებით თავად არის ევროპა, ამ სიტყვის პირვანდელი მნიშვნელობით. ამის გამო შემთხვევით როდი უწოდებენ კავკასიას ხალხთა ცივილიზაციის აკვანს, ხოლო ევროპულ კაცობრიობისა-კავკასიურ რასსას".

"უნდა ავითვისოთ ყოველივე საუკეთესო აღმოსავლურ და საერთოდ, მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაში. ჩვენი მსოფლიო ისტორიული მისიაც ამ ორი სამყაროს სინთეზში მდგომარეობს და ეს სინთეზი იყო ოდითგანვე იბერიულ-კავკასიური სამყარო".

"იბერიულ-კავკასიურ ხალხთა ერთობის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტია სარწმუნოებრივი სხვაობა ქართველებსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხალხებს არ ახასიათებთ რელიგიური ფანატიზმი, ისლამური ფუნდამენტალიზმი და ექსტრემიზმი. ისინი რელიგიის საფუძველზე არ აგებენ ურთიერთობას სხვა და სხვა ქვეყნებთან და ერებთან. გარდა ამისა, ჩვენს საუკუნეში ისლამისა და ქრისტიანობის დაპირისპირებას პოლიტიკურ სფეროში აღარ აქვს ისეთი ხასიათი და მნიშვნელობა, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. ასეთი დაპირსპირება კავკასიელი ხალხებისათვის შუა საუკუნეებშიც უცხო იყო".

"ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებიდან საუკეთესოდ სჩანს, რომ კავკასიური რაინდობა, სტუმართმოყვარეობა და ჰუმანიზმი მუდამ სდევდა რელიგიური ფანატიზმით და შეუწყნარებლობით გამოწვეულ დაპირისპირებას ჩვენს ხალხებს შორის. ასე რომ, ვინც დღეს რელიგიური ფაქტორის მუსირებით ცდილობს ჩაშალოს ჩვენი გაერთიანება, მას თავად არ ესმის რელიგიის როლი ადამიანის ცხოვრებაში და პოლიტიკაში, ან შეგნებული ბოროტგანზრახვით სჩადის ამას. რად გვავიწყდება, რომ თვით ქართველთა ნახევარზე მეტი მუსულმანური სარწმუნოების მიმდევარია. რა ვქნათ, გავწიროთ და მოვიკვეთოთ ისინი?"

"ნებისმიერი კავკასიელი ხალხის ბედი, ყველა კავკასიელის მშვიდობიან თანაცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები ისევ ჩვენივე ერთსულოვნებით, კავკასიაშივე უნდა წყდებოდეს. ამისთვის აუცილებელია კავკასიელ ხალხთა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის კოორდინაცია, დიალოგი, რათა ერთობლივ იქნეს შემუშავებული ერთიანი მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია".

"ჩვენი მიზანი იქნება კავკასიის კონსოლიდაცია, მისი გათავისუფლება იმპერიათა მარწუხებისაგან და დაფუძნება მსოფლიოს თავისუფალ ხალხთა ოჯახში".

"იბერიულ-კავკასიური ერთობის მოძრაობა არის ჩვენი ხალხების გათავისუფლების, დამოუკიდებლობისა და აღორძინების უმთავრესი პირობა. იგი უნდა გაძლიერდეს და გავრცელდეს მთელს კავკასიაში".

* * *

"ჩეჩენ, ინგუშ და ქართველ ხალხებს შორის ძმობას, მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენს წინაპრებს არაერთგზის შეუშველებიათ ხელი ერთმანეთისათვის გასაჭირის დროს. გასაჭირი კი ხშირად დაგვტეხია თავს".

"აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარ დროიდან იწყება. ჩვენი საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვავალებს დღეს დიდ დაფიქრებას ჩვენი ხალხების მომავალ ბედ-იღბალზე. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ერთმანეთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით. ჩვენ საერთო სამეფო გვქონდა საუკუნეთა განმავლობაში. ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ ბრძოლის ველზე ვიბრძოდით საერთო მტრების წინაათმდეგ...

აფხაზი მუდამ ამაღლებული, რაინდული კეთილშობილების სიმბოლო იყო ქართველის ცნობიერებაში".

"ბალყარელთა და ქართველთა ძმობას, კეთილმეზობლობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი, საამაყო ისტორია აქვს. წარმომავლობითს და რელიგიურ სხვაობას ხელი ოდნავაც არ შეუშლია ჩვენი ხალხების მეგობრობისათვის. წინაპართა წინდახედულობისა და სიბრძნის შესანიშნავი მაგალითია ბალყარელ და ქართველ მთიელთა შორის ძმადნაფიცობის მტკიცე და ურღვევი ტრადიციის შექმნა, რომელმაც ჩვენს დრომდეც მოაღწია. ეს ტრადიცია ხელს გვიწყობდა გაგვეზიარებინა ერთმანეთის ჭირიც და ლხინიც. სწორედ ამიტომ მადლიერნი უნდა ვიყოთ ჩვენი ბრძენი წინაპრებისა".

"ქართველი და ჩერქეზი ხალხების ურთიერთობას გულწრფელი ურთიერთპატივისცემა ახასიათებს. ქართველის წარმოდგენაში ჩერქეზი მუდამ იყო და არის რაინდული ბუნების ადამიანი, ჭეშმარიტი კავკასიელის საუკეთესო თვისებებით დამშვენებული პიროვნება...

დღეს ჩვენ, ქართველები, ვისაც ჩერქეზებთან გენეტიკური ნათესაობა და საერთო კავკასიური შეგნება გვაერთიანებს, პატივს მივაგებთ სამშობლოშ თავისუფლებისათვის დაცემულ ჩერქეზთა ხსოვნას. გვწამს, რომ კავკასიის უძველეს მკვიდრთა-სინდების, კერკეტებისა და მეოტების შთამომავალი ჩერქეზები ღირსეულ ადგილს დაიკავებენ კავკასიის და მსოფლიო ხალხთა თანამეგობრობაში. გვჯერა, რომ ქართველთა და ჩერქეზთა ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი შეარყევს. ეს კი მთელი კავკასიის ერთიანობისა და წარმატების მტკიცე გარანტია იქნება".


წიგნიდან: "აირჩიე, ქართველო ერო!" ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

website stats
counter