venerdì 18 gennaio 2008

საზეპურო შეგონებანი

"რა შვებაა, რა ზარია, აღსდგა ღმერთი სულმნათი,
დედამიწა ტაძარია, ზეცა-მისი გუმბათი".

"ქრისტე იდეალი, ღმერთკაცის იდეალი, ამავე დროს ჰარმონიული პიროვნების იდეალია"

"წმინდანი იყო და არის იდეალი განათლებული კაცობრიობისა, მას ვერც ერთი სხვა იდეალი ვერ შესცვლის ვერც მომავალში"

"როდესაც რაიმე დიდ საქმეს შეეწირება მსხვერპლად მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას".

"ქრისტეს ინიციაციის არსი ქრისტემ განმარტა, როგორც სასუფევლის აღება ძალისხმევით ("სასუფეველი ცათაი იიძულების")"

"ინიციაციის მიზანია საზეო სიბრძნის მიცემა ადამიანისათვის... ეს არის გზა ღმერთთან "შინაგანი შეერთების"...
როგორი უნდა იყოს ამ გზის ადეპტი? უწინარეს ყოვლისა მას უნდა შესწევდეს ძალი, რათა "მოიყვანოს სული კაცობრივი მყუდროსა შინა მდგომარეობასა", ე.ი. მიაღწიოს აბსოლუტურ შინაგან სიმშვიდეს და წონასწორობას, ბედისა და უბედობისადმი განურჩევლობას".

"ინიციაცია არის ზესთა ცნობიერების დაბადება და განვითარება ადამიანში... ჰერაკლეს და თეზეოსის გმირობანი, არგონავტების ლაშქრობა, გილგამეშისა და ენქიდუს, რამასა და ოდისევსის თავგადასავალი პარაბოლური, ალეგორიული გადმოცემაა ინიციაციის მისტერიებისა".

"ინიციაცია, ანუ ძეგრძნობად სულიერ სამყაროში გადასვლა ხდება მხოლოდ დროისა და სივრცის კატეგორიების დაძლევით: "ჟამით გარეგან ჟამისა", როგორც გვეუბნება ანტონ I"

"ზეგრძნობადი სამყარო ის სამყაროა, რომელსაც ჩვეულებრივი ყოველდღიური ცნობიერების საფეხურზე მდგომი მოკვდავნი ჭვრეტენ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ".

"სულიერი სამყაროს სინამდვილის წარმოდგენა სცილდება ამსოფლიური ლოგიკის ფარგლებს და შესაძ
ებელია მხოლოდ წინააღდგომთქმითი მეთოდით"

"ღვთის არსი ყოველგვარი განსაზღვრების მიღმაა".

"მხოლოდ გონისმიერი მტკიცებულებებით ღვთის არსებობის დასაბუთება შეუძლებელია. გონებით შეიძლება დაამტკიცო ღვთის არსებობა და ასევე, გონებით შეიძლება უარყო ღვთის არსებობა".

"დოგმატიკოსი თეოლოგი ღვთის არსებობას გონისმიერი მსჯელობით, ლოგიკით ასაბუთებს, ხოლო მისტიკოსი არის ის ადამიანი, რომელიც ღვთის არსებობას ნათელხილვით ჭვრეტს".

"ღმერთი ადამიანს ეძლევა, როგორც გამოცხადება და არა როგორც ლოგიკური და ფილოსოფიური სისტემა".

"ეშმაკის მიერ ადამიანის შეცდენა გამოიხატა იმაში, რომ მან მისცა ინტელექტი, ამქვეყნიური ინტელექტი, ლოგიკა და ყველაფერი ის, რაც ღმერთს აშორებს ადამიანს".

"ღვთის ჭეშმარიტებას გონება ვერ აანალიზებს და ვერ იმეცნებს".

"რელიგიას გონებით, მარტო ინტელექტით ვერ გააცნობიერებ, ვერ გაიგებ, ყოველთვის გაწბილებული დარჩები".

"როგორც კი ადამიანი შეეცდება გონებით გააცნობიეროს, დაასაბუთოს ყვეაფერი და გონებით ირწმუნოს, ის მაშინვე მარცხდება იმიტომ, რომ ქრისტიანულ რელიგიაში არის ისეთი ჭეშმარიტებები, რომელიც ერთი შეხედვით გონებას ეწინააღმდეგება".

"რელიგია გონებას მოკლებული რამ კი არ არის, უბრალოდ, გონებას რელიგიაში არა აქვს პრიორიტეტი. ის უპირატესობას, მთავარ როლს გამოცხადებას ანიჭებს, ხოლო გონება არის მაკონტროლებელი ყოველივე იმისა, რასაც იძლევა გამოცხადება".

"რწმენა და ცოდნა განუყოფელია".

"დღეს უწიგნური და უმეცარი ადამიანი ვერ იქნება ჭეშმარიტი მორწმუნე".

"თანამედროვე მართლმადიდებელი უნდა იყოს ენციკლოპედიურად განსწავლული ყველა სულიერ მიმდინარეობაში. "იყავით მეცნიერ, ვითარცა გველნი" ახალი აღთქმის დევიზია".

"მხოლოდ ფილოსოფიით და მეცნიერებით განმტკიცებული მისტიური ღვთისმეტყველება აღწევს თავის მიზანს და ქმნის მეცნიერულ გნოზისს".

"საღვთო სიბრძნის მიღწევას, ინიციაციას სჭირდება, უწინარეს ყოვლისა, პრაქტიკული ინტელექტის დაუფლება, ემპირიული ცოდნის მიღება".

"რელიგიური შემეცნების გზა არ არის სწორხაზოვანი. ვისაც სკეპტიციზმის გესლი არ უგვრძნია, იგი ვერასოდეს შესულა რელიგიური შემეცნების სიღრმეებში".

"ღრმა რელიგიური რწმენისა და მისწრაფების ადამიანებს ხშირად ახასიათებთ გავლა სკეპტიციზმის და უარყოფის ეტაპებისა".

"ცნობიერების ევოლუციას ახასიათებს ანტაგონიზმი ძველსა და ახალს შორის".

“რწმენისა და გონების ალიანსი, მათ შორის ჰარმონია. აი, შუასაუკუნეობრივი სქოლასტიკის იდეალი”

"სიბრძნის, გონებისა და რწმენის ჰარმონია ადამიანში განწმენდს მის სულიერ ცხოვრებას, იწვევს კათარზისს, სპობს მასში ინსტინქტებსა და ვნებებს".

"როდესაც ადამიანში გაიღვიძებენ სარწმუნოება და სიბრძნე, ისინი კლავენ მასში მიდრეკილებას ლოთობისა და ჰედონიზმისაკენ".

"სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, მათი ჰარმონიული ურთიერთმოქმედების გარეშე წარმოუდგენელია საღვთო შერთვის, ჰენოზისი გზა".

"ღმერთი რიცხობრივად კი არ არის სამი, არამედ თვისობრივად არის სამი, სამგვარია მისი გამოვლინება, თორემ არსებით ის ერთია".

"მამა მიუწვდომელია, ხოლო ძე ჩვენი შემეცნებისათვის მისაწვდომი".

"(ქრისტეს) დაბადება იყო არაბუნებრივი, ბუნების საწინააღმდეგოდ ჩაისახა სულიწმინდის გზით, არაბუნებრივი, არაფიზიოლოგიური გზით".

"მოხდა სასწაული, რომლის მსგავსი მსოფლიოში არც მანამდე მომხდარა და არც მას შემდეგ... ქრისტე დარჩა იმად, რაც იყო და იქცა იმად, რაც არ იყო".

"სული პლასტიური ანარქიაა".

"სულიწმინდა არის ის, რომელიც ამ დაბადებული სამყაროს უშველებელ მასას, კოსმოსს აძლევს სრულყოფას, სრულქმნილებას და ინდივიდუალობას. როგორც ყველა ადამიანს აქვს თავისი სული, ასევე, სამყაროს, კოსმოსს აქვს ერთი სული და ეს სული არის ღმერთი. ეს სული არის სულიწმინდა, რომელიც სრულყოფს კოსმოსს და განწმენდს სამყაროს".

"როდესაც ღვთისმეტყველებაში საუბარია ღვთისგან გამომავალ სიყვარულზე, რომელიც მოემადლება ადამიანს, ყოველთვის იგულისხმება სულიწმინდა".

"სულიწმინდა არის სუბსტაციონალური სიყვარული, ღმერთი სიყვარულის ასპექტში, შესაქმეშიც და კაცობრიობის ხსნაშიც. იგია სიყვარულისმიერი კავშირი მამასა და ძეს შორის. სულიწმიდიდან მომდინარეობს როგორც ღვთის სიყვარული ქმნადობისადმი, ასევე, ქმნადობის სიყვარული ღვთისადმი".

"ეკლესიის მამათა პნევმატოლოგიის, ანუ სულის შესახებ მოძღვრების მიხედვით სულიწმინდის ძირითადი როლი გამოიხატება ქმნადობის სანქტიფიკაციაში, ანუ განწმენდაში... ქრისტე განწმენდს ყოველივეს სულიწმინდით".

"ქმნადობის განწმენდა მოდის მამისაგან ძის მეშვეობით სულიწმინდაში ისევე, როგორც შესაქმე განხორციელდა მამის მიერ ძით ("ძალითა მით ძლიერითა") სულიწმინდაში. განწმენდა, ამავე დროს, განახლებაა ქმნადობისა, რაც აგრეთვე სულიწმინდის ფუნქციაა".

"მტრედი ასოციაციაა სულიწმინდისა, რომელიც განმწმენდელია სწორედ ადამიანის გონებისა და ეს ღვთივსულიერი გონება, განწმენდილი და ფრთაშესხმული, სწორედ მტრედს ედრება, როდესაც მიისწრაფვის თავისი საზეო წყაროსაკენ. ამიტომაც ფიგურირებს ეს ფრინველი ქრისტიანულ სახისმეტყველების ღვთისმეტყველებაში სულიწმინდის სიმბოლოდ".

"ღვთის ახალად ჩენა", ანუ ნათელხილვის დაბრუნება მიემადლება მორწმუნეებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაივლიან სინანულის (ცრემლის), კათარზისის (სულთა ლხენის), განღმრთობის (შერთვის) გზას, რაც სულიწმინდის მადლია და მის გარეშე შეუძლებელია".

"წინასწარმეტყველთა ინსპირაცია, ეკლესიის გასულიერება და დამოძღვრა, ნათლობისას ხელახალი შობა, ევქარისტიაში ქრისტესთან ცხოველმყოფელი შერთვა ("შერთვა ზესთ მწყობრთა მწყობისა"), ლიტურგიაში მორწმუნეთა ერთობა, ეს ყოველივე სულიწმინდის ნიჭია და შეესაბამება მის სამებისებრ პიროვნულობას".

"სულიწმინდა არის კაცობრიობის მამხილებელი და ამავე დროს, "ყოველი საიდუმლოს", ანუ საიდუმლო სიბრძნის მომმადლებელი".

"პირველქრისტიანთა და ეკლესიის მამათა გაგებით იგი (ღვთისმშობელი) არის სულიწმინდის მიწიერი გამოცხადება, სულიწმინდისა, რომელიც არის მომცემელი ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნისა (სოფიასი) და ამავე დროს, ცოდვათაგან განწმენდის მადლისა. სახარებაში მას ეწოდება, აგრეთვე, პარაკლეტი, ანუ ნუგეშინისმცემელი".

"(ახალ აღთქმაში) "სიძე" ავად მაცხოვარს აღნიშნავს, "სძალი"-ეკლესიას, ზეციურ იერუსალიმს, "ქორწილი"-მართალთა ნეტარებას, ღვთაებასთან ზიარებას ქვეყნის დასასრულისა და საშინელი სამსჯავროს შემდეგ".

"იოანეს ნათლისღების გარდა სხვა ნათლისღება უნდა გაიაროს ჯერ თავად იესო ქრისტემ. ამ ნათლისღებაში იგულისხმება ჯვარცმა, სიკვდილი და დაფვლა იესო ქრისტესი, რომელსაც მოსდევს გარდუვალი აღდგომა. ამავე ნათლისღების წინასახეა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება".

"სასუმელი ესე, რომელსაც მე ვსუამ, ჰსუათ, და ნათლისღება რომელი მე ნათელ ვიღო, ნათელ იღოთ" (მარკ. 10.39). ეს სიტყვები გამართლდა ლაზარეს მკვდრეთით აღდგომაზე, რომელმაც მიიღო ქრისტიანული ნათლისღება სიკვდილითა და აღდგომით, აგრეთვე, სულიწმინდის მომადლებით".

"ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტვირთუად" (იოანე. 16.12), რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტემ შესძლო გადაცემა თავის მოწაფეთათვის თავისი ეზოტერული სიბრძნის მხოლოდ ნაწილისა. მას სურდა მეტის გაცემა, მაგრამ ისინი ჯერ არ იყვნენ ამისათვის მომწიფებულნი".

"(ლუკა. 19.38-42). მარიამი, რომელიც ნიადაგ მაცხოვარს უსმენდა და საოჯახო საქმეს არ აკეთებდა, არის სიმბოლო სულის შინაგანი მედიტაციური აქტივობისა, მარადის ღვთის ჭვრეტისა, მისტიკისა, ხოლო მართა, რომელიც ნიადაგ საოჯახო საქმეს აკეთEბს, სიმბოლოა სულის გარეგანი აქტივობისა სოციალური ყოფისა და ქველმოქმედების სფეროში. ერთი მისტიური ჭვრეტის გზაა, მეორე სოციალური განვითარებისა, სახელმწიფოებრივი მოღვაწეობისა და პოზიტიური თეოლოგიისა. ამ ორ გზას შორის პრიორიტეტეს თავად მაცხოვარი ანიჭებს პირველს".

"იოანე ზოსიმე წმინდა ნინოს, ქართული ქრისტიანობის სიმბოლოს, ლაზარეს დას მართას ადარებს, ვინაიდან მარიამის გზაა ქრისტიანობის სულიერ-ჭვრეტითი ხაზის განვითარება, თეოსოფია და ეზოტერიზმი".

"ფრთების სიმბოლიკა ქრისტიანულ სახისმეტყველებაში ზეშთაგონებით აღმაფრენა, ღვთისადმი ზეაღსვლას აღნიშნავს".

"პირველკაცი არქეტიპია არა მარტო მთელი კაცობრიობისა, არამედ მთელი ბუნებისაც... პირველქმნილი კაცის სხეული არის დედანი მთEლს ბუნებაში არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმისა".

"(რუსთაველისეული) "სახე ყოვლისა ტანისა" არის პირველქმნილი იდეალური სახესხეული, ზოგადი იდეა სხეულებრიობისა, პირველხატი კაცობრიობისა".

"პირველქმნილი კაცის სხეული პროტოტიპია, "სახეა" ერთის მხრივ "ყოვლისა ტანისა", ხოლო მეორეს მხრივ, იგი პროტოტიპია იმ სხეულისა, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს მკვდრეთით აღდგომის შემდგომ... ამრიგად, სხეულით აღდგომა არის ღვთის ხატის სრული აღორძინება ადამიანში, ახალი "სახის" მიღწევა. ეს არის ქრისტეს მიერ მომადლებული განახლებული სახე".

"ყოველი ტანი" ცოდვითდაცემის პროდუქტია, რაც უარყოფითმა ძალამ, ეშმაკმა გამოიწვია. ამის გამო ტანებზე არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი უშუალოდ ღმერთმა შექმნა, ხოლო "სახე" ამ ტანებისა, ანუ პირველსხეული ღვთის წმინდა შემოქმედებაა. მასში არ ურევია მოწინააღმდეგე ძალის ხელი... სატანისმიერი ცდუნება სწორედ ცოდვითდაცემას უკავშირდება, რის შედეგადაც ადამიანებს აქვთ ამჟამინდელი "ტანები", რომელნიც უაღრესად დაშორდნენ "სახეს", ჭეშმარიტ იდეას სხეულებრიობისას".

"გახრწნის სათავე და მიზეზი არის ცოდვა".

"ორპირი მახვილი აღლესული" არის სიმბოლურად "მახვილი მხილებისა", საღმრთო მხილება კაცობრიობის ცოდვათა, "რკინის კვერთხით მწყემსვა" კი არის გასამართლება ცოდვილ წარმართთა (კვერთხი სიმართლის სიმბოლოა)".

წიგნიდან: "აირჩიე, ქართველო ერო!" ზვიად
ამსახურდიას გამონათქვამები

Nessun commento:

website stats
counter