giovedì 29 ottobre 2009

რელიგია და კულტურა

"ხელოვნება გამოცხადებაა რელიგიური სინამდვილისა".

"შემოქმედებითი სული ვერ ეგუება ვერანაირ სტატიურ დოგმას, ვინაიდან შემოქმედება თავად დინამიკაა. იგია თავად დინამიური სულის სინამდვილე".

"ჭეშმარიტი შემოქმედი ვერასოდეს ჩაეტევა დოგმატურ ჩარჩოებში, ჭეშმარიტი შემოქმედება ეს არის საყოველთაოდ დადგენილ კანონებთან ანტაგონიზმი, რომელიც გამართლებულია შემოქმედებისავე შინაგანი კანონებით".

"დიდი ლიტერატურა ყოველთვის ღრმა ურთიერთკავშირში იმყოფებოდა თავისი ეპოქის მითოლოგიურ, რელიგიურ, ფილოსოფიურ, მხატვრულ აზროვნებასთან და თავად იყო გამომხატველი ყოველივე ამისა".

"პოეზია რეალობის ინტუიციური ცხადქმნის შედეგი უფროა, ვიდრე ინტელექტუალური ტვინის ჭყლეტისა".

"პოეტი მსახურია ლოგოსისა. იგი ისეთივე დემიურგია, როგორც ლოგოსი".

"აზრის დომინირება როდი ნიშნავს ლექსის ემოციურ გაღარიბებას".

"მეგობრობის თემის დამუშავებით "ვეფხისტყაოსანს" არამცთუ რაინდული რომანის სამყაროსი, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც ალბათ, ვერ შეედრება რომელიმე ნაწარმოები, რაც აქცევს მას მსოფლიო კლასიკის გვირგვინად"...

"ავთანდილის ანდერძი", ეს უკვდავი ჰიმნი მეგობრობისა, აგებულია საღვთო წერილისა და ეკლესიის მამების კონცეფციებზე".

"მართლმადიდებლობას მუდამ ახასიათებდა შემწყნარებლობა სხვა რწმენათა მიმართ. მართმლადიდებლობამ არ იცოდა ინკვიზიციის კოცონები, მართლმადიდებელი მღვდელმთავრები, იმპერატორები და მეფეები უფრო დარწმუნების გზას მიმართავდნენ... გვახსოვდეს, რომ მაცხოვარიც და მოციქულებიც ტოლერანტობით გამოირჩეოდნენ. ისინი საბოლოოდ არ წირავდნენ არავის, ღვთისა და სიკეთის აქტიური მტრების გარდა".

"როგორც მოციქულები, ასევე, ეკლესიის მამები ხედავდნენ ერთიანობას ქრისტიანულ საიდუმლო სიბრძნესა და ანტიკურ მისტერიალურ სიბრძნეს შორის-რომელიც აგრეთვე ღვთისგან მომადლებულად მიაჩნდათ".

"სიმბოლიკა ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ხელოვნებისა ნათელჰყოფს, თუ რაოდენ ღრმა კავშირს ხედავდნენ პირველქრისტიანები ანტიკურ მისტერიებსა და ქრისტიანობას შორის".

"ანტიკურ კულტურას, განსაკუთრებით, მწერლობას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას არათუ ახშობდა მართლმადიდებლობა, არამეთ ავითარებდა, ქრისტიანულად გარდაქმნიდა და ორგანულად ისისხლხორცებდა".

"მართლმადიდებელ სამყაროში, განსაკუთრებით კი საქართველოში, ადამიანის პიროვნება არ იყო დათრგუნული, აზროვნების თავისუფლებას არ ახშობდა ეკლესია".

"რწმენისა და გონების ალიანსი, მათ შორის ჰარმონია, აი, შუასაუკუნეობრივი სქოლასტიკის იდეალი... რელიგიისა და ფილოსოფიის, ეკლესიისა და აკადემიის, იერუსალიმისა და ათენის შერწყმა - აი, იდეალი გელათის აკადემიისა".

"გელათი გრაალისადმი მიძღვნილი ტაძარია, რომლის ფრესკული მოტივები ასახავენ გრაალის მისტერიებს. ყოველივე ეს აირეკლება აგრეთვე ბაგრატოვანთა სამეფო გერბზე".

წიგნიდან: "აირჩიე, ქართველო ერო!" ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

martedì 11 agosto 2009

წმინდა გიორგი-ქართული მებრძოლი ქრისტიანობის კულტი

* * *
"ქართველობა გააერთიანა ქრისტიანობამ, ქართულმა ქრისტიანობამ. კერძოდ, წმინდა გიორგის კულტმა. სამურზაყანოდან საინგილომდე ყველგან მისი ტაძრებია, ყველგან თაყვანს სცემენ მას. მართლაც და რა უნდა იყოს უფრო დიდი ემბლემა ჩვენი ერის სულისა, ვიდრე თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, ვეშაპის განმგმირველი".

* * *
"ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა და ამავე დროს, არის მიწიერი სახე იმავე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მახლობელი ქართული მოდგმისათვის. საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე".

* * *
"წმინდა გიორგის სახეში ქართველი ხედავდა არა მხოლოდ კაბადოკიელ წმინდანს, არამედ ქრისტიანულ ღმერთს. ღმერთი მას წარმოედგინა წმინდა გიორგის მებრძოლ სახეში, დრაკონის დამთრგუნველ სახეში ე.ი. მიქაელური ასპექტი ქრისტიანობისა იყო ყველაზე მეტად მახლობელი საქართველოსათვის".

* * *
"მებრძოლი ქრისტიანობა ქართული კულტურის შინაგან თვისებას ასახავს, რაც წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განმგმირვაშია ხორცშესხმული".

* * *
"ქართველისათვის წმინდა გიორგი სიმბოლოა მებრძოლი ქრისტიანობისა, სიმბოლო თავად ღვთისა, ძალისმიერ, მებრძოლ ასპექტში, ბოროტების დამთრგუნველ ასპექტში. წმ. გიორგიმ ქართველი ხალხის წარმოსახვაში შეიერთა ყოველივე ის საუკეთესო, რაც მოიტანა ქრისტიანობამ".

* * *
"ქართული ქრისტიანობა თავისი არსით არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა და ასევე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა".

* * *
"წმინდა გიორგი თვით საქართველოს სიმბოლოა, გამუდმებით მტერთან მებრძოლის, ბნელეთის ძალებზე გამარჯვებულის".

* * *
"ქართული ცნობიერების საფუძველია ქრისტიანულ ღირებულებათა პრიორიტეტი, სულიერის მატერიალურზე მაღლა დაყენება, ღვთის და ერისათვის თავგანწირვა და მარტვილობა, ქრისტიანული რაინდობა. ამ მახასიათებლების მიხედვით უწოდეს უცხოელებმა ქველ ქართველებს გეორგიანნი, რამეთუ საქართველოს აღიქვამდნენ, როგორც წმინდა გიორგის ერთიან ორდენს. ეს არის ჭყონდიდლურ-აღმაშენებლური მსოფლმხედველობა".

* * *
"ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული. ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. ეს არის მოწამეობრივი იდეალის მსახურება, მებრძოლი სიკეთე, მებრძოლი ქრისტიანობა... სწორედ ამიტომ შეერთდნენ და შეკავშირდნენ დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტების მსოფლიო ზალები. ამიტომ ცდილობენ ისინი დღეს საქართველოს სულიერად დაპყრობას, მის გადაგვარებას და განადგურებას".

* * *
"წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია
იხსენი სამკვიდრო შენი გეორგია
დიდების უფალი მართალთა მწედ არი
წმინდაო რაინდო გველი არ დინდო
მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!"

წიგნიდან: "აირჩიე, ქართველო ერო!" ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

ქრისტიანული სარწმუნოება და ქართველი ერი

* * *
"სარწმუნოების აღორძინება იხსნის საქართველოს"

* * *
"სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია".

* * *
"სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა. ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით უნდა ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის".

* * *
"ქართველობა გააერთიანა ქრისტიანობამ".

* * *
"ჩვენი მტრები დღესაც ანგარიშს უწევენ იმ გარემოებას, რომ ეკლესია მუდამ იყო და არის საქართველოს კულტურულ-ეროვნული ერთიანობის დიდი ფაქტორი".

* * *
"მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერთი არ დაიღუპოს. საჭიროა ახალი რუის-ურბნისი".

* * *
"ჩვენს ეკლესიას სჭირდება განწმენდა. ძველი კომუნისტური დროიდან ბევრი უარყოფითი მოვლენა და პიროვნება გადმოჰყვა ამ ახალ პერიოდს. საბოლოოდ იგი უნდა იქცეს ჭეშმარიტად წმინდა ეკლესიად. საერთოდ, ვთვლი, საჭიროა საეკლესიო კრების მოწვევა და დიდი წმენდა კადრების სფეროში. საჭიროა ახალი რუის-ურბნისის კრება!"-

* * *
"ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავისი გადაცმული მსტოვრები შეგზავნოს ტაძარში, ეკლესიაში კი ვერ შეგზავნის".

* * *
"ქრისტიანული იდეალი ადამიანობისა, ქველმოქმედებისა, კეთილშობილებისა იმდენად შეესისხლხორცა ქართულ ბუნებას, რომ ცხოვრებისეულ სინამდვილეში ვლინდებოდა როგორც მისი თანდაყოლილი თვისება და არა როგორც სწავლითა და წვრთნით შეძენილი".

* * *
"ქართველი ადამიანი ორგანულად, თანდაყოლილად შეიგრძნობდა ევანგელური მოძღვრების სისწორეს და ცხოვრებისეულად ახორციელებდა მას".

* * *
"ხანჟობა", როგორც ასეთი, უცხო იყო იმ ერისათვის, რომელიც მთლიანად, როგორც ერთი კაცი, ეწამა ქრისტიანული რწმენისათვის, რომელმაც წარმოსვა ასიათასობით მოწამეები, რომელმაც თავის ისტორიულ ამოცანად დაისახა ქრისტიანული იდეალის განხორციელება ცხოვრებაში, აზროვნებასა და ხელოვნებაში".

* * *
"საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, ეს არის მოწამეობრივი, ქრისტესმიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა".

* * *
"დიახ, უპრეცენდენტოა ქართველი ერის მარტვილობა ქრისტიანული კულტურის სახელით".

* * *
"(ვერაფერი" დააკნინებს სიდიადეს და შარავანდედს ჯვარცმული ქართველი ერისას, რომელმაც გამოიარა ისტორიის გოლგოთა და დღეს ახალ სულიერ-კულტურული აღორძინების გზაზე დგას".

* * *
"მსხვერპლის უნარიანობა, იდეისათვის თავგანწირვა, მოყვასისათვის თავგანწირვა-აი, რა არის ძირითადი ჩვენს ეროვნულ ხასიათში".

* * *
"მოყვასისათვის თავგანწირვაშია ქართული ისტორიის პათოსი და როდესაც დაუფიქრდები: რამ მოიყვანა ქართველი ერი დღემდის, რამ გადაარჩინა ისტორიის შემზარავ ქარტეხილებს, რწმუნდები, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ თავისებურებამ. ეს თვისება სისხლში ჰქონდა გამჯდარი ერს. ეს თითქოსდა თანდაყოლილი, შესისხლხორცებული რამ იყო და არა გარეგანი, ეთიკური აღზრდის მიღწევა".

* * *
"რა შობს მოყვასისათვის თავგანწირვას? სიყვარული, ყოვლისმომცველი, უსაზღვრო სიყვარული ადამიანისადმი. რა შობს თავისუფლებას? იგივე სიყვარული, ოღონდ სიყვარული უზენაესი ჭეშმარიტებისადმი".

* * *
"მართლმადიდებლური ზნეობა ჩვენი ისტორიული ზნეობაა და ამას არ უნდა ვუღალატოთ"

* * *
"დღევანდელი ფართო გაგებით მართლმადიდებლობა უნდა იყოს ერის ცხოვრების საფუძველი... ეს ჩვენი ეროვნული იდეოლოგია იყო და დღესაც უნდა დარჩეს ეროვნულ იდეოლოგიად".

* * *
"მე არ მიმაჩნია ჯანსაღ მოვლენად მოდერნიზმი და დღევანდელი გაგებით ეკუმენიზმი. ამას უნდა ვებრძოლოთ და ვამხილოთ".

* * *
"სექტანტობა შეუთავსებადია ქართულ ცნობიერებასთან. უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული, მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით. სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია".

* * *
"მართლმადიდებლობა ქართული ცნობიერების საფუძველთა საფუძველია. შემთხვევითი როდია, რომ წმინდა გიორგის გვერდით დგას წმინდა ნიკოლოზი, კონფესიური მართლმადიდებლობის ბურჯი".

* * *
"მართლმადიდებელ წმინდანთა და მოწამეთა სიმრავლითაც საქართველო პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში".

* * *
"ქრისტიანობა არ გახლავთ მარტოოდენ სულიერი სიმაღლეების წვდომა, ჭეშმარიტი მორწმუნე პრაქტიკული საქმიანობითაცაა დაკავებული. სწორედ, ასეთი იყო კეთილი სამარიტელი, რომელიც ბოროტს სჭვრეტდა და ებრძოდა".

* * *
"რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარზე უმთავრესია ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით, ბრძოლა სატანასთან როგორც სულიერ, ასევე, ფიზიკურ პლანში".

* * *
"ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა?... ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია ამასთან".

* * *
"ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი მართლმხილებისათვის აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად ამაღლდა".

წიგნიდან: "აირჩიე, ქართველო ერო!" ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

domenica 9 agosto 2009

კავკასია და იმპერიული ძალმომრეობა

(პრომეთეუსი და ზევსის არწივი)

* * *
"კავკასიაში შემოსული ყოველი მტერი პირველ რიგში კავკასიელ მკვიდრ ხალხთა გათიშვას და მათ ცალ-ცალკე განადგურებას ცდილობდა. სამწუხაროდ, სხვა და სხვა მიზეზის გამო ზოგჯერ ვერ ხერხდებოდა კავკასიელთა შეკავშირება და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთ მუშტად შეკვრა, რითაც მოხერხებულად სარგებლობდნენ დამპყრობლები".

* * *
"გათიშე და იბატონე"-ს პოლიტიკამ განსაკუთრებით ნაყოფი გამოიღო კავკასიაში ცარიზმის დამკვიდრების შემდეგ... სხვა და სხვა წარმოშობისა და სხვა და სხვა სარწმუნოების კავკასიელ ხალხებს შორის ეთნიკური სიძულვილი, ე.წ. "ეთნოკონფლიქტები" ამ ერთა თანაარსებობის მანძილზე უცხო იყო, სანამ კავკასია ცეცხლითა და მახვილით, ვერაგულად არ დაიპყრო იმპერიათა შორის უსასტიკესმა და უბოროტესმა-რუსეთის იმპერიამ".

* * *
"ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ დაარღვიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებმა, ვერც თურქებმა, მაგრამ აი, XIX-XX საუკუნეებში ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი-რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხებს. რუსეთის იმპერიამ თურქეთში გადაასახლა აფხაზი ხალხის დიდი ნაწილი, მანვე გააუქმა აფხაზეთის სამთავრო, გააუქმა საქართველოს სამეფო და მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა".

* * *
"რუსეთ-კავკასიის ომმა მრავალი ათასი ჩერქეზისა და კავკასიის სხვა ხალხთა სიცოცხლე შეიწირა. ბედმა მრავალტანჯულ ჩერქეზებს კიდევ ერთი მწარე განსაცდელი მოუმზადა. მაშინდელი მსოფლიოს ორი პირსისხლიანი იმპერიის-რუსეთისა და ოტომანთა იმპერიების გარიგების შედეგად, ასობით ათასეულ ჩერქეზს მუჰაჯირთა მწარე ბედი არგუნეს, კავკასიის მშობლიური მიწა-წყალი დაატოვებინეს და იძულებული გახადეს მაშინდელი თურქეთის სხვა და სხვა კუთხეში გადასახლებულიყვნენნ, ნაწილი კი დარჩა კავკასიაში და რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ხალხთა მძიმე ხვედრი გაიზიარა."

* * *
"იმ დროის განმავლობაში, რაც კავკასიელი ხალხები ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი, საბჭოთა იმპერიაში მოექცნენ, ყველაზე მეტი ტანჯვა-ვაების გადატანამ სწორედ, ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს მოუწია. ეს იმიტომ, რომ ისინი არასოდეს შერიგებიან მტერს, ქედი არ მოუხრიათ მისთვის...

ცარიზმის მიერ განხორციელებული გენოციდის პოლიტიკის მწვერვალი იყო 1864 წელს ჩეჩენთა და ინგუშთა იძულებითი აყრა სამშობლოდან და ოსმანთა იმპერიაში გადასახლება. თავის დროზე ეს ფაქტი მკაცრად დაგმეს ცნობილმა ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. რად ღირს თუნდაც, ალექსანდრე ყაზბეგის ცნობილი ნაწარმოებები, რომლებიც აღსავსეა ჩეჩენთა და ინგუშთა მწარე ხვედრის გამო გულისწუხილითა და თანადგომით...

ეს ისეთი ჭრილობაა ჩეჩენი და ინგუში ხალხების ისტორიაში, რომლის დავიწყება არ შეიძლება, ხოლო მწუხარება კი არ გაქრება, არამედ იქცევა იმ ძალად, რომელიც სათავეს ხალხის წიაღიდან იღებს და მასვე უბრუნდება, როგორც განახლების წყარო, ერის სულიერი აღორძინების ნიშანსვეტი".

* * *
"1864 წელს მუჰაჯირობის, სამშობლოს დაკარგვის მთელი სიმწარე ჩეჩნებთან და ინგუშებთან ერთად გაიზიარეს კავკასიის სხვა ხალხებმაც: აფხაზებმა, ჩერქეზებმა, აბაზებმა, ყარაჩაელ-ბალყარელებმა, დაღესტნის ხალხებმა, მაგრამ ისტორიის ბედუკუღრმართობის გამოცდა, გენოციდის ახალი ტრაგედიის გადატანა ისევ მოუხდათ გმირ ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს უკვე "ჰუმანური" საბჭოთა ხელისუფლების "წყალობით" 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა წითელი არმიის "ბრწყინვალე" დღეს, როცა ერთ დღე-ღამეში მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად ჩატვირთეს ვაგონებში და შორეული ყაზახეთის გზას გაუყენეს. უამრავი ადამიანი შეეწირა ამ ბარბაროსულ აქტს".

* * *
"რაც შეეხება სტალინსა და ბერიას, ისინი მათ მსგავს "ქართველებთან" ერთად საქართველოსა და ქართველი ხალხის უპირველესი მტრები იყვნენ".

* * *
"ცენტრი"* თავისუფლებისმოყვარე, ამაყ კავკასიელთა საზიანოდ იყენებს ე.წ. "ეთნოკონფლიქტებს", აფერხებს კავკასიელთა სწრაფვას დამოუკიდებლობისა და ჭეშმარიტი სუვერენიტეტისაკენ".

* * *
"მოდერნიზირებული საბჭოთა იმპერიის მიზანია ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია... (მაგრამ) კომუნისტური სისტემა და საბჭოთა იმპერია დღეს განწირულია და ამაოდ ცდილობენ მავანნი ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას. ადრე, თუ გვიან საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხები გადაიგდებენ კომუნისტური დიქტატურის უღელს".

* იგულისხმება საბჭოთა იმპერიის მთავარმმართველობა - შემდგ.

წიგნიდან: "აირჩიე, ქართველო ერო!" ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

giovedì 23 luglio 2009

კავკასია - უნიკალური მსოფლიო ფენომენი

"კავკასია უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ფენომენია თავისი მრავალეროვნებით, თავისთავადი კულტურებით, ერებს შორის ურთიერთობების მყარად ჩამოყალიბებული ტრადიციებით, განუმეორებელი ისტორიით, ლადშაფტით, ფლორითა და ფაუნით".

"კავკასიაში მრავალი საუკუნეა გვერდიგვერდ ცხოვრობენ სხვა და სხვა წარმომავლობისა და რელიგიის, მაგრამ ერთმანეთთან სულიერად და ტრადიციულად მჭიდროდ დაკავშირებული ხალხები".

"დასავლურ ენათმეცნიერებაში და ანთოლოგიაში ჰუმბოლდტის, ჯონსონის, კარსტის, ბლუმენბაზის და სხვათა შრომები ნათელს ჰფენენ პალეოკავკასიური და პალეომედიტერანული იბერიული მოდგმის წინაისტორიას. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ წინაბერძნული და წინაინდოევროპული მოსახლეობა პირენეებისა, ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის აუზისა, ჩრდილო-დასავლეთ ევროპისა და მცირე აზიისა-იბერიული მოდგმისა იყო".

"იბერები უძველესი პროტოევროპული მოდგმის წარმომადგენლები არიან, ერთ დროს მთელს მსოფლიოში განტოტილნი. ქართული და საერთო კავკასიური ცივილიზაცია ძველ იბერთა მსოფლიო ცივილიზაციის გაგრძელებაა. ასე რომ, დასავლეთ-აღმოსავლეთად დაყოფა აქ მხოლოდ პირობითია. საქართველო და კავკასია ამ გაგებით თავად არის ევროპა, ამ სიტყვის პირვანდელი მნიშვნელობით. ამის გამო შემთხვევით როდი უწოდებენ კავკასიას ხალხთა ცივილიზაციის აკვანს, ხოლო ევროპულ კაცობრიობისა-კავკასიურ რასსას".

"უნდა ავითვისოთ ყოველივე საუკეთესო აღმოსავლურ და საერთოდ, მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაში. ჩვენი მსოფლიო ისტორიული მისიაც ამ ორი სამყაროს სინთეზში მდგომარეობს და ეს სინთეზი იყო ოდითგანვე იბერიულ-კავკასიური სამყარო".

"იბერიულ-კავკასიურ ხალხთა ერთობის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტია სარწმუნოებრივი სხვაობა ქართველებსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხალხებს არ ახასიათებთ რელიგიური ფანატიზმი, ისლამური ფუნდამენტალიზმი და ექსტრემიზმი. ისინი რელიგიის საფუძველზე არ აგებენ ურთიერთობას სხვა და სხვა ქვეყნებთან და ერებთან. გარდა ამისა, ჩვენს საუკუნეში ისლამისა და ქრისტიანობის დაპირისპირებას პოლიტიკურ სფეროში აღარ აქვს ისეთი ხასიათი და მნიშვნელობა, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. ასეთი დაპირსპირება კავკასიელი ხალხებისათვის შუა საუკუნეებშიც უცხო იყო".

"ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებიდან საუკეთესოდ სჩანს, რომ კავკასიური რაინდობა, სტუმართმოყვარეობა და ჰუმანიზმი მუდამ სდევდა რელიგიური ფანატიზმით და შეუწყნარებლობით გამოწვეულ დაპირისპირებას ჩვენს ხალხებს შორის. ასე რომ, ვინც დღეს რელიგიური ფაქტორის მუსირებით ცდილობს ჩაშალოს ჩვენი გაერთიანება, მას თავად არ ესმის რელიგიის როლი ადამიანის ცხოვრებაში და პოლიტიკაში, ან შეგნებული ბოროტგანზრახვით სჩადის ამას. რად გვავიწყდება, რომ თვით ქართველთა ნახევარზე მეტი მუსულმანური სარწმუნოების მიმდევარია. რა ვქნათ, გავწიროთ და მოვიკვეთოთ ისინი?"

"ნებისმიერი კავკასიელი ხალხის ბედი, ყველა კავკასიელის მშვიდობიან თანაცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები ისევ ჩვენივე ერთსულოვნებით, კავკასიაშივე უნდა წყდებოდეს. ამისთვის აუცილებელია კავკასიელ ხალხთა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის კოორდინაცია, დიალოგი, რათა ერთობლივ იქნეს შემუშავებული ერთიანი მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია".

"ჩვენი მიზანი იქნება კავკასიის კონსოლიდაცია, მისი გათავისუფლება იმპერიათა მარწუხებისაგან და დაფუძნება მსოფლიოს თავისუფალ ხალხთა ოჯახში".

"იბერიულ-კავკასიური ერთობის მოძრაობა არის ჩვენი ხალხების გათავისუფლების, დამოუკიდებლობისა და აღორძინების უმთავრესი პირობა. იგი უნდა გაძლიერდეს და გავრცელდეს მთელს კავკასიაში".

* * *

"ჩეჩენ, ინგუშ და ქართველ ხალხებს შორის ძმობას, მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენს წინაპრებს არაერთგზის შეუშველებიათ ხელი ერთმანეთისათვის გასაჭირის დროს. გასაჭირი კი ხშირად დაგვტეხია თავს".

"აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარ დროიდან იწყება. ჩვენი საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვავალებს დღეს დიდ დაფიქრებას ჩვენი ხალხების მომავალ ბედ-იღბალზე. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ერთმანეთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით. ჩვენ საერთო სამეფო გვქონდა საუკუნეთა განმავლობაში. ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ ბრძოლის ველზე ვიბრძოდით საერთო მტრების წინაათმდეგ...

აფხაზი მუდამ ამაღლებული, რაინდული კეთილშობილების სიმბოლო იყო ქართველის ცნობიერებაში".

"ბალყარელთა და ქართველთა ძმობას, კეთილმეზობლობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი, საამაყო ისტორია აქვს. წარმომავლობითს და რელიგიურ სხვაობას ხელი ოდნავაც არ შეუშლია ჩვენი ხალხების მეგობრობისათვის. წინაპართა წინდახედულობისა და სიბრძნის შესანიშნავი მაგალითია ბალყარელ და ქართველ მთიელთა შორის ძმადნაფიცობის მტკიცე და ურღვევი ტრადიციის შექმნა, რომელმაც ჩვენს დრომდეც მოაღწია. ეს ტრადიცია ხელს გვიწყობდა გაგვეზიარებინა ერთმანეთის ჭირიც და ლხინიც. სწორედ ამიტომ მადლიერნი უნდა ვიყოთ ჩვენი ბრძენი წინაპრებისა".

"ქართველი და ჩერქეზი ხალხების ურთიერთობას გულწრფელი ურთიერთპატივისცემა ახასიათებს. ქართველის წარმოდგენაში ჩერქეზი მუდამ იყო და არის რაინდული ბუნების ადამიანი, ჭეშმარიტი კავკასიელის საუკეთესო თვისებებით დამშვენებული პიროვნება...

დღეს ჩვენ, ქართველები, ვისაც ჩერქეზებთან გენეტიკური ნათესაობა და საერთო კავკასიური შეგნება გვაერთიანებს, პატივს მივაგებთ სამშობლოშ თავისუფლებისათვის დაცემულ ჩერქეზთა ხსოვნას. გვწამს, რომ კავკასიის უძველეს მკვიდრთა-სინდების, კერკეტებისა და მეოტების შთამომავალი ჩერქეზები ღირსეულ ადგილს დაიკავებენ კავკასიის და მსოფლიო ხალხთა თანამეგობრობაში. გვჯერა, რომ ქართველთა და ჩერქეზთა ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას ვერავინ და ვერაფერი შეარყევს. ეს კი მთელი კავკასიის ერთიანობისა და წარმატების მტკიცე გარანტია იქნება".


წიგნიდან: "აირჩიე, ქართველო ერო!" ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

venerdì 25 gennaio 2008

* * *

"ალბათ, თვითონ ღმერთი ირჩევს-უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა,
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე,
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე,
ზეცად ასულს უკან გაგყვა ლოცვა-ცრემლის დამდენი,
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი.
ალბათ, მისთვის გაიფდა ღალატი და გაცემა,
ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია დაცემა!
მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა,
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა,
და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად,
მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება.
ქრისტეშობას, სხვა ჩემს გარდა, სევდას ვინ დაიბედებს,
ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი-იმედებს.
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ჩემი სული ცას უხმობს.
ჭეშმარიტად!-კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს.
თუმცა, შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,
ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს მერე ზედ იუდა გავაკრა.
შერცხვენილი, წარწყმედილი ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს,
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს,
რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი-უფრო ადვილად,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად.

ზვიად გამსახურდია
7.01.92

martedì 22 gennaio 2008

მამულიშვილური შეგონებანი

"ეროვნება არა აქვს ცხოველს"


"ჩვენი წინაპრებისათვის ზნეობრივი განმართლების და განღმრთობის გზა იყო მთავარი და არა პიროვნული, ამსოფლიური ბედნიერება".

"დიახ, წმინდანი იყო მუდამ იდეალი ჩვენი წინაპრების და ჩვენთვისაც უნდა დარჩეს იდეალად, თუ გვსურს ჩვენი ეროვნული და კულტურული არსებობის შენარჩუნება დღეს, ოკეანის პირისპირ, რომელიც ნთქავს ყოველგვარ ეროვნულ კოლორიტსა და ნიუანსებს. ის ერი კი, რომელიც დაკარგავს რწმენას და კულტურულ უპირატესობას ვერ შეინარჩუნებს მომხდურზე, უთუოდ დამარცხდება".

"დიახ, დიდი კულტურულ-ისტორიული მისიის მეურვეა ის ერი, რომელმაც შექმნა "ვეფხისტყაოსანი", დავით გარეჯის, ბერთუბნის, ყინწვისის, გელათის ფრესკები; დიდებული ხუროთმოძღვრება და მწერლობა".

"თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი-გმირებად".

"არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება-ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშაული არ არსებობს".

"სიმართლეს საკუთარი ხელ-ფეხი ასხია".

"პატარა შეცდომა ხშირად დიდი შეცდომის საწინდარია".

"(1918-1921 წ.წ.-ებში) საბოლოოდ ვერ გაიმარჯვა ეროვნულმა და ქრისტიანულმა იდეამ, ქართველობამ ვერ დააღწია თავი მარქსიზმის დამღუპველ იდეოლოგიას, ვერ უერთგულა ქრისტეს გზას, დიდი ილიას გზას, რამაც ღვთის რისხვა მოგვივლინა და 26 მაისი 25 თებერვლით შეგვიცვალა".

"ჩვენი ერისთვის ყველაზე სამარცხვინო ლაქაა ტყვის სყიდვა, რომლის ერთგვარი გაგრძელებაც არის დღეს შვილებისათვის დედა-ენის წართმევა და მათი მიბარება რუსულ (ზოგადად უცხოენოვან-შემდგ.) სკოლებში. ორივე მოვლენას ანგარება და კარიერიზმი უდევს საფუძვლად. თუ ძველად დედა-სამშობლოს სწყვეტდნენ ყმაწვილებს, დღეს სწყვეტენ დედა-ენას, სულს უსახიჩრებენ, ფსიქიკას უცვლიან. განა ეს ნაკლები ბოროტებაა?"

"ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას".

"დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც".

"ნამდვილი დამოუკიდებლობის გზა, ჩემი აზრით, ეროვნული სულის, ეროვნული ხასიათის რესტავრაციით, მრავალი თვალსაზრისით უკვე დაკარგული ეროვნული სიამაყის, ეროვნული ღირსების აღორძინებით უნდა დაიწყოს".

"საქართველო აზროვნებდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე".

"მტერს ეშინია ჩვენი ერთობისა".

"კუთხური ანტიპატიების გაღვიძება ჩვენი ერის უბოროტესი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს".

"მთავარია, გავაღვიძოთ ხალხში ეროვნული თვითშეგნება, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში. მივცეთ ხალხს ცოდნა ჩვენი ისტორიის, ჩვენი ეროვნული ვინაობის შესახებ, რათა ქართველნი აღარ წამოეგონ უმეცართა და შეგნებულ პროვოკატორთა ანკესზე, რომელთაც მიზნად დაუსახავთ საქართველოს კუთხეებად დაქუცმაცება და მტრისთვის ხელის შეწყობა მის მოსპობასა და ასიმილაციაში".

"ქართული ეროვნული ცნობიერება უნდა აღსდგეს ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაციით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა".

"დღეს "ნაციონალიზმი" საძრახის სიტყვად აქციეს სოციალისტებმა, კომუნისტებმა, კოსმოპოლიტებმა, გადაგვარებულმა ეროვნულმა ნიჰილისტებმა. მსოფლიოში ნაციონალიზმს გმობენ ის ამორფული, უტრადიციო, დენაციონალიზებული კონგლომერატები, რომელთაც არ გააჩნიათ ისტორია, თვითმყოფადი კულტურა, რომელთაც სურთ კაცობრიობა აქციონ ერთგვაროვან მასად, რომელსაც ამოძრავებს მარტოოდენ მხეცური ინსტინქტები და მატერიალური ფასეულობებისადმი ინტერესი".

"ნაციონალიზმი" და "ნაციზმი" არ არის იდენტური ცნებები. ნაციონალიზმი ნაციის თვითმყოფადობის და განვითარებისთვის ზრუნვაა. იგი არ უარყოფს სხვა ერების სიყვარულს, მათთან თანამშრობლომასა და კეთილმეზობლობას. ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა. ეს არის საკუთარი ნაციის ფეტიშიზაცია, სხვა ერებისადმი სიძულვილი, ერთი ერის სხვა ერებზე ბატონობისაკენ, მათი მოსპობისაკენ სწრაფვა".

"ნაციზმი და შოვინიზმი მხოლოდ დიდ ერებს ახასიათებთ, რომელთაც აქვთ ექსპანსიისაკენ დიდი მიდრეკილება. მცირე ერის ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს. იგი იცავს მარტოოდენ საკუთარ არსებობას და თვითმყოფადობას".

"დღეს ზოგიერთი დიდი ერის შოვინიზმი და ნაციზმი კოსმოპოლიტიზმითა და ინტერნაციონალიზმით ინიღბება. ამიტომ იგონებენ ახა-ახალ ფედერაციებს, ინტეგრაციის სივრცეებს და სხვა, რაშიც ვლინდება დიდი ერებისა და სახელმწიფოების ჰეგემონიზმი და ექსპანსიონიზმი".

"ჭეშმარიტი მსოფლიო მოქალაქეობა კი ეროვნული თვითშეგნების გარეშე არ არსებობს. ის, ვინც "გაინგლისელდება", "გაგერმანელდება", "გაფრანგდება", "გარუსდება", "გაამერიკელდება", ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი, ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს. და თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც, ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოვებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიო მოქალაქენი. ევროპული ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული ინდივიდუალობების წაშლა და გათქვეფვა".

"ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვა დღეს ერთადერთი გზაა გადარჩენისა".

"ნაცრად ქცეული ხე ისევე ხეს გამოადგებაო სასუქად. ცხოვრებაშიც ასეა: კაცმა რომ მეორე კაცს არგოს, ხესავით უნდა დაიწვას მისთვის და დანაცრდეს".

"ბევრ რამეს უნდა დაუფიქრდეს ის კაცი, რომელიც ჩვენს დროში კალამს აიღებს ხელში, რომელიც უმარჯვო ხმარებისას იმდენსავე სირცხვილსა და უპატივისცემას უმსახურებს კაცს, რამდენ სახელსა და პატივისცემას "მარჯვე ხმარებისას" (1959 წ.).

"ქართველი ქალისა და მამაკაცის სახე ყველაზე უკეთ ჩანს ჩვენს ეროვნულ ტანსაცმელში და ეროვნულ ცეკვებშია გამოხატული... ის სული, რომელიც ამ ჩაცმულობით არის გამოხატული, უნდა აღსდგეს ქართველ ქალში და ქართველ მამაკაცში".

"დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე
მზე შუაღამის, ბარძიმი წმინდა,
გვწყალობდეს, ვინაც გვიკურთხა ვაზი
და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა.

ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი
და მიგვიძღვოდეს ეკლიან გზაზე
წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი".

"(და) საქართველო დიდჭირნახული
გამოფხიზლდება ყველა იოგით,
ჩვენ ღვთისმშობელი გვწყალობს ხახულის
და გვიცავს მარად თეთრი გიორგი".

წიგნიდან: "აირჩიე, ქართველო ერო!" ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

website stats
counter