martedì 11 agosto 2009

წმინდა გიორგი-ქართული მებრძოლი ქრისტიანობის კულტი

* * *
"ქართველობა გააერთიანა ქრისტიანობამ, ქართულმა ქრისტიანობამ. კერძოდ, წმინდა გიორგის კულტმა. სამურზაყანოდან საინგილომდე ყველგან მისი ტაძრებია, ყველგან თაყვანს სცემენ მას. მართლაც და რა უნდა იყოს უფრო დიდი ემბლემა ჩვენი ერის სულისა, ვიდრე თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, ვეშაპის განმგმირველი".

* * *
"ქრისტიანული წმინდა გიორგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა და ამავე დროს, არის მიწიერი სახე იმავე სულიერი არსებისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, დრაკონის დამთრგუნველი. ეს სახე და ეს კულტი იყო ყველაზე მახლობელი ქართული მოდგმისათვის. საქართველოში ქრისტიანობამ მიიღო გიორგიანობის სახე".

* * *
"წმინდა გიორგის სახეში ქართველი ხედავდა არა მხოლოდ კაბადოკიელ წმინდანს, არამედ ქრისტიანულ ღმერთს. ღმერთი მას წარმოედგინა წმინდა გიორგის მებრძოლ სახეში, დრაკონის დამთრგუნველ სახეში ე.ი. მიქაელური ასპექტი ქრისტიანობისა იყო ყველაზე მეტად მახლობელი საქართველოსათვის".

* * *
"მებრძოლი ქრისტიანობა ქართული კულტურის შინაგან თვისებას ასახავს, რაც წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განმგმირვაშია ხორცშესხმული".

* * *
"ქართველისათვის წმინდა გიორგი სიმბოლოა მებრძოლი ქრისტიანობისა, სიმბოლო თავად ღვთისა, ძალისმიერ, მებრძოლ ასპექტში, ბოროტების დამთრგუნველ ასპექტში. წმ. გიორგიმ ქართველი ხალხის წარმოსახვაში შეიერთა ყოველივე ის საუკეთესო, რაც მოიტანა ქრისტიანობამ".

* * *
"ქართული ქრისტიანობა თავისი არსით არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა და ასევე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა".

* * *
"წმინდა გიორგი თვით საქართველოს სიმბოლოა, გამუდმებით მტერთან მებრძოლის, ბნელეთის ძალებზე გამარჯვებულის".

* * *
"ქართული ცნობიერების საფუძველია ქრისტიანულ ღირებულებათა პრიორიტეტი, სულიერის მატერიალურზე მაღლა დაყენება, ღვთის და ერისათვის თავგანწირვა და მარტვილობა, ქრისტიანული რაინდობა. ამ მახასიათებლების მიხედვით უწოდეს უცხოელებმა ქველ ქართველებს გეორგიანნი, რამეთუ საქართველოს აღიქვამდნენ, როგორც წმინდა გიორგის ერთიან ორდენს. ეს არის ჭყონდიდლურ-აღმაშენებლური მსოფლმხედველობა".

* * *
"ქართული ცნობიერების ხატია წმინდა გიორგი, ბოროტების ძალთა წინააღმდეგ ამხედრებული. ამიტომ არის იგი გერბი საქართველოსი. ეს არის მოწამეობრივი იდეალის მსახურება, მებრძოლი სიკეთე, მებრძოლი ქრისტიანობა... სწორედ ამიტომ შეერთდნენ და შეკავშირდნენ დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტების მსოფლიო ზალები. ამიტომ ცდილობენ ისინი დღეს საქართველოს სულიერად დაპყრობას, მის გადაგვარებას და განადგურებას".

* * *
"წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია
იხსენი სამკვიდრო შენი გეორგია
დიდების უფალი მართალთა მწედ არი
წმინდაო რაინდო გველი არ დინდო
მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!"

წიგნიდან: "აირჩიე, ქართველო ერო!" ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

ქრისტიანული სარწმუნოება და ქართველი ერი

* * *
"სარწმუნოების აღორძინება იხსნის საქართველოს"

* * *
"სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია".

* * *
"სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა. ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით უნდა ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის".

* * *
"ქართველობა გააერთიანა ქრისტიანობამ".

* * *
"ჩვენი მტრები დღესაც ანგარიშს უწევენ იმ გარემოებას, რომ ეკლესია მუდამ იყო და არის საქართველოს კულტურულ-ეროვნული ერთიანობის დიდი ფაქტორი".

* * *
"მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერთი არ დაიღუპოს. საჭიროა ახალი რუის-ურბნისი".

* * *
"ჩვენს ეკლესიას სჭირდება განწმენდა. ძველი კომუნისტური დროიდან ბევრი უარყოფითი მოვლენა და პიროვნება გადმოჰყვა ამ ახალ პერიოდს. საბოლოოდ იგი უნდა იქცეს ჭეშმარიტად წმინდა ეკლესიად. საერთოდ, ვთვლი, საჭიროა საეკლესიო კრების მოწვევა და დიდი წმენდა კადრების სფეროში. საჭიროა ახალი რუის-ურბნისის კრება!"-

* * *
"ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავისი გადაცმული მსტოვრები შეგზავნოს ტაძარში, ეკლესიაში კი ვერ შეგზავნის".

* * *
"ქრისტიანული იდეალი ადამიანობისა, ქველმოქმედებისა, კეთილშობილებისა იმდენად შეესისხლხორცა ქართულ ბუნებას, რომ ცხოვრებისეულ სინამდვილეში ვლინდებოდა როგორც მისი თანდაყოლილი თვისება და არა როგორც სწავლითა და წვრთნით შეძენილი".

* * *
"ქართველი ადამიანი ორგანულად, თანდაყოლილად შეიგრძნობდა ევანგელური მოძღვრების სისწორეს და ცხოვრებისეულად ახორციელებდა მას".

* * *
"ხანჟობა", როგორც ასეთი, უცხო იყო იმ ერისათვის, რომელიც მთლიანად, როგორც ერთი კაცი, ეწამა ქრისტიანული რწმენისათვის, რომელმაც წარმოსვა ასიათასობით მოწამეები, რომელმაც თავის ისტორიულ ამოცანად დაისახა ქრისტიანული იდეალის განხორციელება ცხოვრებაში, აზროვნებასა და ხელოვნებაში".

* * *
"საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩვენი ისტორია, ცხოვრების წესი, ბრძოლა სარწმუნოებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, ეს არის მოწამეობრივი, ქრისტესმიერი გზა სიკეთისა, სიქველისა და სიყვარულისა".

* * *
"დიახ, უპრეცენდენტოა ქართველი ერის მარტვილობა ქრისტიანული კულტურის სახელით".

* * *
"(ვერაფერი" დააკნინებს სიდიადეს და შარავანდედს ჯვარცმული ქართველი ერისას, რომელმაც გამოიარა ისტორიის გოლგოთა და დღეს ახალ სულიერ-კულტურული აღორძინების გზაზე დგას".

* * *
"მსხვერპლის უნარიანობა, იდეისათვის თავგანწირვა, მოყვასისათვის თავგანწირვა-აი, რა არის ძირითადი ჩვენს ეროვნულ ხასიათში".

* * *
"მოყვასისათვის თავგანწირვაშია ქართული ისტორიის პათოსი და როდესაც დაუფიქრდები: რამ მოიყვანა ქართველი ერი დღემდის, რამ გადაარჩინა ისტორიის შემზარავ ქარტეხილებს, რწმუნდები, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ თავისებურებამ. ეს თვისება სისხლში ჰქონდა გამჯდარი ერს. ეს თითქოსდა თანდაყოლილი, შესისხლხორცებული რამ იყო და არა გარეგანი, ეთიკური აღზრდის მიღწევა".

* * *
"რა შობს მოყვასისათვის თავგანწირვას? სიყვარული, ყოვლისმომცველი, უსაზღვრო სიყვარული ადამიანისადმი. რა შობს თავისუფლებას? იგივე სიყვარული, ოღონდ სიყვარული უზენაესი ჭეშმარიტებისადმი".

* * *
"მართლმადიდებლური ზნეობა ჩვენი ისტორიული ზნეობაა და ამას არ უნდა ვუღალატოთ"

* * *
"დღევანდელი ფართო გაგებით მართლმადიდებლობა უნდა იყოს ერის ცხოვრების საფუძველი... ეს ჩვენი ეროვნული იდეოლოგია იყო და დღესაც უნდა დარჩეს ეროვნულ იდეოლოგიად".

* * *
"მე არ მიმაჩნია ჯანსაღ მოვლენად მოდერნიზმი და დღევანდელი გაგებით ეკუმენიზმი. ამას უნდა ვებრძოლოთ და ვამხილოთ".

* * *
"სექტანტობა შეუთავსებადია ქართულ ცნობიერებასთან. უწინარეს ყოვლისა თავისი დაკნინებული, მწვალებლური აზროვნებით, ზნეობრივი დეგრადაციით. სექტანტობა ჩვენი მტრის მთავარი იარაღია".

* * *
"მართლმადიდებლობა ქართული ცნობიერების საფუძველთა საფუძველია. შემთხვევითი როდია, რომ წმინდა გიორგის გვერდით დგას წმინდა ნიკოლოზი, კონფესიური მართლმადიდებლობის ბურჯი".

* * *
"მართლმადიდებელ წმინდანთა და მოწამეთა სიმრავლითაც საქართველო პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში".

* * *
"ქრისტიანობა არ გახლავთ მარტოოდენ სულიერი სიმაღლეების წვდომა, ჭეშმარიტი მორწმუნე პრაქტიკული საქმიანობითაცაა დაკავებული. სწორედ, ასეთი იყო კეთილი სამარიტელი, რომელიც ბოროტს სჭვრეტდა და ებრძოდა".

* * *
"რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარზე უმთავრესია ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით, ბრძოლა სატანასთან როგორც სულიერ, ასევე, ფიზიკურ პლანში".

* * *
"ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა?... ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია ამასთან".

* * *
"ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი მართლმხილებისათვის აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად ამაღლდა".

წიგნიდან: "აირჩიე, ქართველო ერო!" ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

domenica 9 agosto 2009

კავკასია და იმპერიული ძალმომრეობა

(პრომეთეუსი და ზევსის არწივი)

* * *
"კავკასიაში შემოსული ყოველი მტერი პირველ რიგში კავკასიელ მკვიდრ ხალხთა გათიშვას და მათ ცალ-ცალკე განადგურებას ცდილობდა. სამწუხაროდ, სხვა და სხვა მიზეზის გამო ზოგჯერ ვერ ხერხდებოდა კავკასიელთა შეკავშირება და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთ მუშტად შეკვრა, რითაც მოხერხებულად სარგებლობდნენ დამპყრობლები".

* * *
"გათიშე და იბატონე"-ს პოლიტიკამ განსაკუთრებით ნაყოფი გამოიღო კავკასიაში ცარიზმის დამკვიდრების შემდეგ... სხვა და სხვა წარმოშობისა და სხვა და სხვა სარწმუნოების კავკასიელ ხალხებს შორის ეთნიკური სიძულვილი, ე.წ. "ეთნოკონფლიქტები" ამ ერთა თანაარსებობის მანძილზე უცხო იყო, სანამ კავკასია ცეცხლითა და მახვილით, ვერაგულად არ დაიპყრო იმპერიათა შორის უსასტიკესმა და უბოროტესმა-რუსეთის იმპერიამ".

* * *
"ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ დაარღვიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებმა, ვერც თურქებმა, მაგრამ აი, XIX-XX საუკუნეებში ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი-რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხებს. რუსეთის იმპერიამ თურქეთში გადაასახლა აფხაზი ხალხის დიდი ნაწილი, მანვე გააუქმა აფხაზეთის სამთავრო, გააუქმა საქართველოს სამეფო და მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა".

* * *
"რუსეთ-კავკასიის ომმა მრავალი ათასი ჩერქეზისა და კავკასიის სხვა ხალხთა სიცოცხლე შეიწირა. ბედმა მრავალტანჯულ ჩერქეზებს კიდევ ერთი მწარე განსაცდელი მოუმზადა. მაშინდელი მსოფლიოს ორი პირსისხლიანი იმპერიის-რუსეთისა და ოტომანთა იმპერიების გარიგების შედეგად, ასობით ათასეულ ჩერქეზს მუჰაჯირთა მწარე ბედი არგუნეს, კავკასიის მშობლიური მიწა-წყალი დაატოვებინეს და იძულებული გახადეს მაშინდელი თურქეთის სხვა და სხვა კუთხეში გადასახლებულიყვნენნ, ნაწილი კი დარჩა კავკასიაში და რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ხალხთა მძიმე ხვედრი გაიზიარა."

* * *
"იმ დროის განმავლობაში, რაც კავკასიელი ხალხები ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი, საბჭოთა იმპერიაში მოექცნენ, ყველაზე მეტი ტანჯვა-ვაების გადატანამ სწორედ, ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს მოუწია. ეს იმიტომ, რომ ისინი არასოდეს შერიგებიან მტერს, ქედი არ მოუხრიათ მისთვის...

ცარიზმის მიერ განხორციელებული გენოციდის პოლიტიკის მწვერვალი იყო 1864 წელს ჩეჩენთა და ინგუშთა იძულებითი აყრა სამშობლოდან და ოსმანთა იმპერიაში გადასახლება. თავის დროზე ეს ფაქტი მკაცრად დაგმეს ცნობილმა ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. რად ღირს თუნდაც, ალექსანდრე ყაზბეგის ცნობილი ნაწარმოებები, რომლებიც აღსავსეა ჩეჩენთა და ინგუშთა მწარე ხვედრის გამო გულისწუხილითა და თანადგომით...

ეს ისეთი ჭრილობაა ჩეჩენი და ინგუში ხალხების ისტორიაში, რომლის დავიწყება არ შეიძლება, ხოლო მწუხარება კი არ გაქრება, არამედ იქცევა იმ ძალად, რომელიც სათავეს ხალხის წიაღიდან იღებს და მასვე უბრუნდება, როგორც განახლების წყარო, ერის სულიერი აღორძინების ნიშანსვეტი".

* * *
"1864 წელს მუჰაჯირობის, სამშობლოს დაკარგვის მთელი სიმწარე ჩეჩნებთან და ინგუშებთან ერთად გაიზიარეს კავკასიის სხვა ხალხებმაც: აფხაზებმა, ჩერქეზებმა, აბაზებმა, ყარაჩაელ-ბალყარელებმა, დაღესტნის ხალხებმა, მაგრამ ისტორიის ბედუკუღრმართობის გამოცდა, გენოციდის ახალი ტრაგედიის გადატანა ისევ მოუხდათ გმირ ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს უკვე "ჰუმანური" საბჭოთა ხელისუფლების "წყალობით" 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა წითელი არმიის "ბრწყინვალე" დღეს, როცა ერთ დღე-ღამეში მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად ჩატვირთეს ვაგონებში და შორეული ყაზახეთის გზას გაუყენეს. უამრავი ადამიანი შეეწირა ამ ბარბაროსულ აქტს".

* * *
"რაც შეეხება სტალინსა და ბერიას, ისინი მათ მსგავს "ქართველებთან" ერთად საქართველოსა და ქართველი ხალხის უპირველესი მტრები იყვნენ".

* * *
"ცენტრი"* თავისუფლებისმოყვარე, ამაყ კავკასიელთა საზიანოდ იყენებს ე.წ. "ეთნოკონფლიქტებს", აფერხებს კავკასიელთა სწრაფვას დამოუკიდებლობისა და ჭეშმარიტი სუვერენიტეტისაკენ".

* * *
"მოდერნიზირებული საბჭოთა იმპერიის მიზანია ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია... (მაგრამ) კომუნისტური სისტემა და საბჭოთა იმპერია დღეს განწირულია და ამაოდ ცდილობენ მავანნი ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას. ადრე, თუ გვიან საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხები გადაიგდებენ კომუნისტური დიქტატურის უღელს".

* იგულისხმება საბჭოთა იმპერიის მთავარმმართველობა - შემდგ.

წიგნიდან: "აირჩიე, ქართველო ერო!" ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები

website stats
counter